თავის თმიანი არე და ფრჩხილები

ფრჩხილის სოკოვანი დაავადება (ონიქომიკოზი) Onychomycosis

ფრჩხილის სოკოვანი დაავადება (ონიქომიკოზი) ფრჩხილის ინფექციური დაზიანებაა, რომელსაც იწვევს  სხვადასხვა სახეობის სოკო, ხშირად Trichopyton rubrum, Trichopyton mentagrophytes და Candida albicans.

ეს პათოლოგია ხშირად ასოცირდება ტერფის დერმატომიკოზთან  და უპირატესად აზიანებს ტერფის ფრჩხილებს, თუმცა არაიშვიათია ხელის მტევნის ფრჩხილების დაზიანებაც. ონიქომიკოზის განვითარების მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორია ფრჩხილების ტრავმული დაზიანება.

დაავადების დიაგნოსტირება ხდება ლაბორატორიულად. ონიქომიკოზის დროს ფრჩხილის ფირფიტასა და ჰიპონიხიუმში ვლინდება სოკოს სპორები და მიცელიუმები. პირველ ეტაპზე ტარდება ფრჩხილის ფირფიტიდან აღებული მასალის მიკროსკოპული გამოკვლევა სოკოს მიცელიუმებისა და სპორების აღმოსაჩენად. მეორე ეტაპზე ტარდება კულტურალური კვლევა, რომლითაც ხდება სოკოს სახეობრივი იდენტიფიცირება.

ონიქომიკოზის თანდართული ტერფის სოკოვანი ინფექცია გამოვლინდება ამ არეში კანის შემოფარგლული, მოვარდისფრო აქერცლილი უბნებით. თითებშუა ნაოჭების ცენტრში ხშირია ნაპრალების განვითარება.

ფრჩხილების კანდიდოზური ინფექციით ხშირად ავადდებიან დიასახლისები. არჩევითად ზიანდება ხელის მტევნების მესამე და მეოთხე თითების ფრჩხილები, რასაც თან ახლავს ფრჩხილის მორგვების შეშუპება. კანდიდოზური ონიქომიკოზის ასეთ დაზიანებას ხშირად თან ახლავს მუქი წითელი ფერის ეროზიული უბნის გაჩენა ამავე  თითებშორის ნაოჭში.

ონიქომიკოზის კლინიკური ფორმები:

დისტალური სუბუნგუალური ონიქომიკოზი ფრჩხილის სოკოვანი დაავადების მეტად გავრცელებული ფორმაა, რომლის დროსაც ფრჩხილის დისტალური ნაწილი იცვლის როგორც შეფერილობას, ასევე სტრუქტურას. ფრჩხილის ფირფიტა ხდება მოყვითალო ან თეთრი გაუმჭვირვალე, გასქელებული, ფშვნადი.

პროქსიმალური სუბუნგუალური ონიქომიკოზი ხშირია პაციენტებში, რომელთაც აქვთ იმუნური სისტემის პრობლემები. პროცესი იწყება კუტიკულას არეში და თანდათან ვრცელდება ფრჩხილის ფირფიტაზე. ამ ფორმის ონიქომიკოზის ხშირი გამომწვევებია: Trichophyton rubrum, Trichophyton mentagrophytes.

თეთრი ზერელე ონიქომიკოზი უპირატესად აზიანებს ტერფის ფრჩხილებს.  ყველაზე ხშირი გამომწვევია Trichophyton mentagrophytes. ონიქომიკოზის ეს ფორმა ხასიათდება ფრჩხილის ფირფიტის ზედაპირული ინვაზიით, რაც გამოიხატება ზერელე აქერცვლაში.

ენდონიქსი ონიქომიკოზის ფორმაა, რომლის დროსაც ვლინდება რძისფერი, გაუფერულებული უბანი ფრჩხილში ფირფიტის ზედაპირის ცვლილების გარეშე. მისი ხშირი გამომწვევებია: Trichophyton violaceum, Trichophyton soudanense, Trichophyton tonsurans. ონიქომიკოზის ეს ფორმა ზოგჯერ ვლინდება როგორც თავის თმიანი არის მიკოზის თანმხლები პათოლოგია.

ონიქომიკოზი ასევე შეიძლება გამოვლინდეს სოკოვანი მელანონიქიის, შერეული ფორმის დაზიანების ან  ტოტალური დისტროფიის სახით.

ფრჩხილის სოკოვანი დაავადების მკურნალობა ეფექტიანია კომპლექსური მკურნალობის შედეგად. ონიქომიკოზის მკურნალობა მოიცავს როგორც ანტიმიკოზურ პერორალურ პრეპარატებს, ისე ფრჩხილების ადგილობრივი დამუშავებისა  და სადეზინფექციო პროცედურებს.

Leave a comment